Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის თანამშრომლების და დოქტორანტების მონაწილეობა რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის მსოფლიო კონგრესში

2023 წლის 13-15 მარტს იტალიაში, ქალაქ ვენეციაში ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ადამიანის რეპროდუქციის მე-19 მსოფლიო კონგრესი. ლოკაცია: სასტუმრო „ჰილტონ მალინო სტაკი“.

 

კონგრესი გამორჩეული იყო იმით, რომ ქართული დელეგაცია წარსდგა მასშტაბურად-კონგრესს ესწრებოდა 131 ქართველი ექიმი: რეპროდუქტოლოგები, მეან- გინეკოლოგები, ენდოკრინოლოგები, მათ შორის 21 რეპროდუქტოლოგიის რეზიდენტი.რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის კეთილი ნებით ქართველი რეზიდენტებისთვის კონგრსზე დასწრება იყო თავისუფალი, ხოლო ქართველი დელეგატებისთვის გაკეთდა მნიშვნელოვანი ფასდაკლება.

 

კონგრესი გაიხსნა აკადემიის პრეზიდენტის პროფ. ჯოზეფ შენკერის ლექციით: გლობალური პანდემიის -კოვიდ 19 გავლენა ადამიანის რეპროდუქციაზე.

კონგრესის პროგრამა თემატურად იყო ძალიან დატვირთული, პარალელურად 4 დარბაზში მიმდინარეობდა საკვანძო ლექციები, აკადემიის სესიები, სიმპოზიუმები, მათ შორის სამეცნიერი საზოგადოებების,  ორალური პრეზენტაციები, პოსტერული სესია.

 

კონგრესის სპიკერები იყვნენ მეანობა-გინეკოლოგიის კორიფეები, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები. კონფერენციაზე განხილული იყო რეპროდუქტოლოგიის, გინეკოლოგიის, მეანობის, გენეტიკის და ეპიგენეტიკის აქტუალური საკითხები:საკვერცხეების პოლიკისტოზი და მეტაბოლური სინდრომი, მენოპაუზა, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, მენოპაუზური ჰორმონოთრერაპია, იმუნური სისტემა და რეპროდუქცია, უშვილობა და მეტაბოლური დარღვევები, საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა, ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, საშვილოსნოს ფიბროიდები,  პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება,სექსუალური დისფუნქცია,   ძუძუს კიბო, ულტრასონოგრაფიის მიღწევები ადამიანის რეპროდუქციაში, ორსულობის დანაკარგები, კონტრაცეპცია და მისი სარგებელი, პრეეკლამპსია, გინეკოლოგიური ონკოლოგია, ანდროლოგია და მამაკაცის უშვილობა და სხვა აქტუალური საკითხები.

 

კონგრესზე მთავარი ლექცია ჰქონდა პროფ. არჩილ ხომასურიძეს-„აბორტი-ქართული ამბავი“.პროფ. არჩილ ხომასურიძე გახლავთ საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის  გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ პირველად მსოფლიო ისტორიაში მსგავსი უმაღლესი დონის კონგრესზე საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ ინგლისურ ენაზე ჩატარდა სიმპოზიუმი: „ჟორდანია-ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის დამსახურება მსოფლიო რეპროდუქტოლოგიაში“. სესიას თავმჯდომარეობდნენ ასოციაციის პრეზიდენტი პროფ. არჩილ ხომასურიძე და ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილი. წარმოდგენილი იყო 5 მოხსენება:

 

  1. ლალი ფხალაძე (პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის   კლინიკური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორი) - „პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კლინიკური ტიპები“;
  2. ეკა კვირკველია (რეპროდუქტოლოგიის რეზიდენტი) - „ჰორმონული კონტრაცეპცია- ჩვენი მოდიფიკაცია“;
  3. ნინო დავიდოვა (პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის  ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი) -„ორსულობის ადრეული განმეორებითი დანაკარგები: პროგესტერონ ინდუცირებული მაბლოკირებელი ფაქტორის როლი;
  4. ლალი მელია (“აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეანი, ივანე ჯავახიშვილის  სახ.თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორი) -„მიფეპრისტონი მეანობაში- რატომაც არა?!“;
  5. ჯენარო ქრისტესაშვილი (კლინიკა „უნივერსის“ დირექტორი სამეცნიერო დარგში,  ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი) - „მოზარდთა რეპროდუქოტოლოგია“.

 

სესიას ესწრებოდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები:პროფ. ანდრეა ჯენაზანი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, პროფ. ჰოვარდ კარპი-ტელავივის უნივერსიტეტი პროფესორი , პროფ. ანჯეი მილევიჩი- პოლონეთის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, უცხოელი დელეგატები და ქართველი ექიმები. რეზიდენტებმა პროფ. ანდრეა ჯენაზანის მადლიერების ნიშნად გადასცეს მხატვარგია მირზაშვილის ფერწერული ტილო.

 

სესიაზე გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია. მოხსენებები შეფასდა ძალიaნ დადებითად.

 

აღნიშნულ კონგრესზე ქართველ ექიმებს ჰქონდათ კიდევ 8 ორალური პრეზენტაცია:

ლუდმილა ბარბაქაძე(ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი) ლუთეინური ფაზის და ფოლიკულური ფაზის სტიმულაციის შედარება ოოციტების დონორებში;

ელენე ასანიძე-ჰიპერჰომოცისტენემია, ინსულინრეზისტენტობა და სხეულის მასის ინდექსი ქალებში პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით;

ლელა თანდაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი)-ნეონატალური სისხლდენა, როგორც ენდომეტრიოზის პრეკურსორი  მოზარდებში;

დავით სხირტლაძე (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი) -პოსტქირურგიული მედიკამენტური მკურნალობა პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით;

ქეთევან ოსიძე (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი) - ERA ტესტის მნიშვნელობა პაციენტებში ორსულობის განმეორებითი დანაკარგებით;

 ეკა კვირკველია (რეპროდუქტოლოგიის რეზიდენტი) -ძუძუს კიბო ორსულებში;

ანა ღვინიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი)-სქესობრივი განათლების პერსპექტივები საქართველოში;

ანა ჯიბლაძე-პაციენტების ფსიქო-სექსუალური თავისებურებები პაციენტებში ანდროგენრეზისტენტობის სინდრომის სხვადასხვა ფორმებით.

წარმოდგენილი იყო 6 პოსტერული მოხსენება:

ლელა ირემაძე(ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი)  - მინიმალური და საშუალო ენდომეტრიოზის ლაპაროსკოპიული მკურნალობა და ორსულობის სიხშირე;

თამარ არქანია(ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი) -რეპროდუქციული გამოსავალი ჰისტეროსკოპიული მეტროპლასტიკის შემდეგ უშვილო ქალებში საშვილოსნოს ძგიდით;

ია ჩაფიძე(ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა- გინეკოლოგიის კათედრის დოქტორანტი) - გამოწვევები დიაგნოსტიკაში მიულერის ანომალიების  დროს;

ოლიკო მურღულია- ქრონიკული ენდომეტრიტის ფენოტიპური მახასიათებლები;

თინათინ ნემსაძე-პირველი ტიპის დიაბეტი და პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი;

ნანა ქიზიყურაშვილი, გიორგის წკრიალაშვილი, ანა ღვინიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რეზიდენტები)-ქალის ორგაზმული დარღვევების მკურნალობა.

 

აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ ბატონი არჩილ ხომასურიძე, რომელიც გახლავთ მსოფლიო რეპროდუქტოლოგთა აკადემიის ნამდვილი წევრი, არჩეული იქნა აკადემიის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

ქართული დელეგაციის რეკორდულად მაღალი რიცხვი-131, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ნაციონალურის სესია,  8 ორალური პრეზენტაცია, 5 პოსტერული მოხსენება-ეს იყო ქართული რეპროდუქტოლოგიის მსოფლიო აღიარება, რაც არის პირველ რიგში პროფ. არჩილ ხომასურიძის დამსახურება, რომელიც არის რეპროდუქტოლოგიის დამაარსებელი საქართველოში. მისი და მისი გუნდის ძალისხმევის შედეგია ის, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც რეპროდუქტოლოგია გახდა  დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა.

პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის ინსტიტუტი, რომელსაც ბატონი არჩილ ხომასურიძე დღეს ხელმძღვანელობს, არის რეპროდუქტოლოგიის ფლაგმანი საქართველოში, სადაც გრძელდება ძველი ჟორდანიას ინსტიტუტის ღირსეული ტრადიციები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობა.

საქართველოს  რეპროდუქტოლოგიის საერთაშორისო  აღიარება,სასიამოვნო გარემო,  საინტერსო თემატიკა, მედიცინის კორიფეების ლექციების მოსმენა და მათთან ურთიერთობა,  კოლეგებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,   ვენეციის ზღაპრული ხედები-დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით დატვირთული  დაბრუნდა ქართული დელეგაცია სამშობლოში.

რეპროდუქტოლოგიის განხრით ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტალური აღიარების    გარდა მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ბედნიერი წუთები და საათები, რომლებიც ერგოთ ჩვენი სპეციალობის ახალგაზრდა წარმომადგენლებს და რაც არის უნიკალური ფაქტი ჩვენი ქვეყნის  უწჯვეტი სამედიცინო განათლების ისტორიაში.